ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისკენ გადადგმული “ქართული ოცნების” მხრიდან,- ამის ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება” ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, როცა საკრებულოების ძველი შემადგენლობით ცდილობს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის დამტკიცებას და მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.
“რადგან იქ რაც ხდება ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. შესაბამისად, ის, რაც ახლა ძველმა საკრებულომ გააკეთა, არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ვითარების დაძაბვას ემსახურება. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი და ჩვენ გვესმოდა “ქართული ოცნების” მხრიდან განცხადებები, რომ თქვენ ნახავთ, როგორ კონსტრუქციულად მოვიქცევით, როცა ვიქნებით უმცირესობაში და ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ახლა უმცირესობაში და ყველანაირი ხრიკებით ცდილობენ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას,”- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი ტქმით, სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა.
“ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება და გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, რომელიც განმუხტავს ვითარებას, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პოლიტიკაში საუბარს, რომ ვაიძულე, ხელი გადავუგრიხე, წავაქციე, დავამარცხე, აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები სჭირდება ქვეყანას, ვითარების განმუხტვას, რომ საზოგადოებაში მშვიდობა დამყარდეს, რადგან ასე ვითარება დიდხანს ვერ განიმუხტება და შეიძლება კიდევ დაიძაბოს, რადგან სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა, რომელიც არც კომპეტენტურია და არც კვალიფიციური”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.