შუახევის სოფლებში უწყლობის პრობლემაზე საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის სოსლან ზოიძის განცხადებით, სოფელ ფურტიო- ბუთურაული-ნენიის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი დაიხარჯა, მოსახლეობას კი რეზერვუარიდან წყალი მაინც არ მიეწოდება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ზოიძის ინფორმაციით, იგივე პრობლემა აწუხებთ ნიგაზეული-ჩანჩხალოს მცხოვრებლებსაც, მაშინ როცა ზოიძის თქმით, წყალსადენის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. დეპუტატი შექმნილ მდგომარეობაში შუახევის მერს და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ- ფრიდონ ფუტკარაძეს ადანაშაულებს.
ბრალდების ადრესატმა მაუწყებელს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა, მერის მოადგილემ კი განმარტა, რომ ფურტიო- ბუთურაული- ნენიის წყალსადენის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, რაც შეეხება ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალსადენს, ომარ ტაკიძე საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.