მარნეულის ავტოპარკის ოთხი ავტობუსი ეტაპობრივად ფუჭდება და კეთდება

1008

ერთ კვირაზე მეტია, რაც წერეთელი-საიმერლოს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გამოჩენილა. მიზეზი ძრავის დაზიანებაა, რომელიც ყოველი შეკეთების შემდეგ მალევე ფუჭდება. როგორც შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ, 21 სექტემბერს, რადიო „მარნეულს“ უთხრა, წერეთელი-საიმერლოს ავტობუსი შეკეთების პროცესშია და რამდენიმე დღეში შეძლებს მგზავრების გადაყვანას.

„მალე გარემონტდება, ხვალ და ზეგ გარწმუნებთ, რომ ვერ გამოვა ხაზზე, მაზეგ და მას შემდეგ, ვეცდებით ყველანაირად. მარტო საიმერლოს ავტობუსი არაა გაფუჭებული, კიდევ ოთხი ავტობუსია, რომელსაც შეკეთება სჭირდება. ეს ტრანსპორტი ეტაფობრივად ფუჭდება და კეთდება“, – ამბობს ჯალაღონია.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ახლა ხუთი ახალი ავტობუსის მიღების მოლოდინშია, რომელიც, ცხადია, მუნიციპალიტეტში არსებულ ტრანსპორტის პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა როგორც ჯალაღონია განმარტავს, გარკვეული ტრანსპორტი ჩამოიწერება და ახლით ჩაანაცვლებენ. კონკრეტულად რომელ ხაზზე ივლის 5 ახალი ავტობუსი, ეს ჯერჯერობით უცნობია.