“გადავწყვიტეთ, “ოცნების” კანდიდატს, გოგი მეშველიანს მივცეთ ხმა” – კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები რამდენიმე ადამიანმა დატოვა

677

“ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ 20-მდე მოქალაქემ დატოვა.  წალკაში მცხოვრებმა ვაჟა დავლაძემ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილს “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანების გამო  მხარს აღარ დაუჭერს, რადგან მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში დაბრუნება, ნიშნავს იმ დროში დაბრუნებას, სადაც შიშით ცხოვრობდნენ.

მისი თქმით, “ნაცების” დროს არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეებზე სისტემატური ზეწოლა ხდებოდა.

„ადამიანს, რომელიც ერთი-პარტიიდან მეორეში გადავა,   ჩვენ ვეღარ ვენდობით და ამიტომ გადავწყვიტეთ, “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგი მეშველიანს მივცეთ ხმა. მე ძალიან კარგად მახსოვს. “ნაცების” დროს არ გვქონდა სიტყვის თავისუფლება, სადაც ვმუშაობდი არ შემეძლო გამოვსულიყავი და ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. სწორედ ამიტომ, არ მომწონდა სისხლიანი რეჟიმი და არც არასდროს მომეწონება“, – ამბობს ვაჟა დავლაძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები, პროტესტის ნიშნად, 300-მდე მეტმა ადამიანმა დატოვა.