„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მისი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც კაპანაძე აცხადებს, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე რეაგირებას თვითონ მოახდენს, მათ შორის განახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას.
„ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში, ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული, ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიასაც და სხვა დანარჩენსაც იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს ვერ მალავს თავის ზიზღს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს თავის პოზიციას ბოროტად მის უწყებაში, მის დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში, კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა მან სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრების გამო თავისი თანამშრომლები, როგორ დევნის განსხვავებულ მოსაზრებას და სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას, რომლის ამოცანაა, რეაგირება მოახდინოს საარჩევნო საკითხებზე. ქალბატონი წულუკიანი არც ერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რამე პრობლემა რომელიც იქ იქნებოდა წარმოდგენილი, მოგვარებულიყო. ამიტომ, ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ, შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან ერთად და რაზეც უნდა იმაზე იმსჯელონ. ყველა დარღვევაზე ჩვენ გვექნება რეაგირება, მათ შორის მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას“, – განაცხადა კაპანაძემ.