ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

479

ნინოწმინდის მერიაში შვიდ ვაკანტურ ადგილზე 30 განაცხადი შევიდა, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეზიუმეებს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დასახელდება კონკურსში გამარჯვებულები. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ნინოწმინდის მერიაში საჯარო მოხელეების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ვადა, შვიდ ადგილზე, 6 სექტემბერს ამოიწურა.

როგორც, მერიაში გვითხრეს შვიდ ვაკანტურ ადგილზე 30 განაცხადი შევიდა, ხოლო რა პოზიციაზე რამდენი განაცხადი მიიღეს ამის გაგება ვერ მოვახერხეთ.

„მთლიანობაში შვიდივე პოზიციაზე 30 განაცხადი მივიღეთ, ზუსტად არ ვიცი, სად რამდენი განაცხადი შემოვიდა თითოეულ პოზიციაზე, რადგან ელექტრონულად შემოსული განცხადებებია“, – განაცხადა ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

ნინოწმინდის მერიის თანამშრომლები შემდეგ პოზიციებზე შეირჩევა:

• მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – შესყიდვების საკითხებში;
• პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი;
• მეორე სტრუქტურული ერთეულის ხემლძღვანელი – განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი;
• მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
• მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების
უფროსი;
• მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხებში;
• მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ზედამხედველობის და რეაგირების საკითხებში.

საჯარო სამსახურის თანამშრომლების შერჩევა ორ ეტაპად მიმდინარეობს: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რეზიუმეების გადარჩევა მიმდინარეობს.

,,ყველა პოზიციაზე შემოვიდა რეზიუმე. მერიაში არის სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც გადაარჩევს სივებს და არჩევა მომდევნო კვირის ბოლოს მოხდება“, – თქვა ანივარდ მოსოიანმა.

ნინოწმინდაში მერიის თანამშრომლებმა წინა თვეში სამსახურები დატოვეს, მათი ნაწილი აცხადებდა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით დაწერეს.