ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდის უზრუნველყოფაზე ტენდერი 150 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თოვლიანი გზა შეტყობინებიდან სამ საათში უნდა გაწმინდოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერიის მიერ ტენდერი 2021 წლის 14 დეკემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 24 დეკემბერს დაიწყება და 27-ში დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია: დიდთოვლობის შემთხვევაში ნინოწმინდის შიდა ქუჩებისა და სოფლებთან მისასვლელი გზების, ასევე ნინოწმინდაში და სოფლებში საზოგადოებრივ ობიექტებამდე მისასვლელი გზების თოვლისგან გაწმენდა მოახდინოს. გარდა ამისა აუცილებელ პირობას წარმოადგენს დიდთოვლობის შემთხვევაში ყველა დასახლებულ პუნქტში მიმავალი გზების შეტყობინების მიღებიდან (სატელეფონო ან სხვა ფორმით) არაუგვიანეს 3 საათის განმავლობაში გაწმენდა მოახდინოს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდის პრობლემა არ შეიქმნება.
„ჯერჯერობით წინა წელს გამარჯვებული კომპანია წმენდს გზებს, ხელშეკრულება 31 დეკემბრამდე აქვს. ამის მხრივ პრობლემა არ არის, რაც შეეხება ცენტრალურ გზებს საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და სუფთავდება“, – განაცხადა ანივარდ მოსოიანი.