სოფელ ხოვლეში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

442

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა მიხელ ჩხენკელმა სკოლის დათვალიერებისას განაცხადა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

„დღეს მოვინახულეთ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა და ბავშვებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. აქ სასწავლო პროცესი ჩვეულ გარემოში დაიწყო.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში მოეწყო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ჩვენი გუნდისთვის ჩვენს ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის გამოწვევების გამო რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყო. ჩვენი მიზანია, ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და ამისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ბავშვებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3 530 000 ლარია.

„150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა გადასასვლელი დერეფნით უკავშირდება არსებულ კორპუსს. ახალი შენობის საკლასო ოთახები მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ხელოვნების ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი და სასადილო. მალე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი.

სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

საქართველოში მოქმედი 2 085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.