მომღერალმა კახა ცისკარიძემ დღეს განაცხადა, რომ ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს. მისი თქმით, ბათუმი ხელოვნების ქალაქი უნდა გახდეს. ცისკარიძე, ასევე აცხადებს, რომ ბათუმი მისი მერობის შემთხვევაში ბევრად პოპულარული გახდება.
– რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერად იყაროთ კენჭი? რა არის თქვენი ძირითადი მოტივაცია?
– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვარ აჭარელი, დავიბადე ბათუმში. ბათუმმა მომცა პოპულარობა სრულიად საქართველოში. ვთვლი, რომ ბათუმის და ბათუმელების წინაშე მაქვს ვალი. ვთვლი, რომ ბათუმი ხელოვნების ქალაქი უნდა იყოს. ქალაქს ესაჭიროება მინიმუმ ჩემნაირი მერი. ეს მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე, შემიძლია ქალაქს პოპულარიზაცია გავუწიო ქვეყნის გარეთაც.
– თუ გაქვთ უკვე კონკრეტული გეგმა რის გაკეთებასაც აპირებთ მერად არჩევის შემთხვევაში? შეისწავლეთ თუ არა ქალაქის საჭიროებები და თუ იცით რა სჭირდება დღეს ბათუმს?
– გეგმა ბევრია, ჯერ რაღაც საკითხები გვაქვს დასალაგებელი. აქედან გამომდინარე უახლოეს მომავალში ყველა გეგმას მოვახსენებ საზოგადოებას. დღევანდელი ჩემი ძირითადი მოქმედება ის არის, რომ ქალაქში ვხვდები უამრავ ადამიანს, ყველა მიცნობს, შესაბამისად, ისინი ბევრად გულწრფელები არიან ჩემთან საუბრის დროს, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ამიტომ, ბევრად მეტი ინფორმაციის მომწოდებელია ამ შეთხვევაში საზოგადოება. აქედან გამომდინარე ბევრი ნიუანსია, რომელიც სასაუბროა და შემდეგ ის გადავა პრიორიტეტებში. დღეს, ფაქტია, რომ ქალაქს პრიორიტეტი არ აქვს. არასდროს არავის უთქვამს რა არის ქალაქ ბათუმის პრიორიტეტი. მხოლოდ ტურიზმი, ტურიზმი, ოღონდ რამ უნდა მოიზიდოს ეს ტურიზმი ფაქტია, რომ ჯერ არავინ იცის. უფრო დეტალურად ამ საკითხებზე რამდენიმე დღეში დავიწყებ საუბარს. ბათუმს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ახლა არის ის მომენტი, როცა მივხდებით საით მივდივართ, რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი მოსახლეობა და რას გააკეთებს. პირველ რიგში რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს და მინდა, რომ დავტესტო, ეს არის ბათუმის მერის სტერეოტიპის დანგრევა, რადგან ბათუმს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ჩემნაირი მერი, ბათუმს უნდა ჰყავდეს სახე.
– რომ გადავხედოთ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც ცნობილია, თქვენ მხარს უჭერთ მარიხუანას ლეგალიზაციას, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერშიც ღიად ისაუბრეთ ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებისთვის მისაღებია ეს განცხადება?
– ჯერ მე მინდა დავსვა კითხვა, თუ რამდენად არის მზად ქალაქი ბათუმი ჩემნაირი მერისთვის. ეს არის ყველაზე საინტერესო ფაქტი ამ ეტაპზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება თუ რას შევთავაზებთ მათ და როგორი ხედვა შეიძლება წარვუდგინოთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, საკმარისი ინფორმაციაა, იმისთვის რომ დაადასტუროთ ეს ფაქტი. ამდენი ნამდვილად არავისთან არ მისაუბრია, არცერთ ჟურნალისტთან, იმიტომ, რომ გეუბნებით, ჯერ გასავლელი გვაქვს საკითხები. ჯერ მხოლოდ დავაფიქსირე ფაქტი, რომ თუ ექნება ბათუმის მოსახლეობას სურვილი, მე ვიბრძოლებ მათი მოთხოვნების დასაცავად. ბევრ კითხვაზე გიპასუხებთ ძალიან, ცოტა ხანს უნდა მაცადოთ.
– საზოგადოებაში აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ კახა ცისკარიძის ახალი პიარკამპანიაა ის, რომ მან ბათუმის მერობის კანდიდატობის შესახებ განაცხადა. რა პასუხს გასცემდით ამ განცხადების ადრესატებს?
– ძალიან ბევრი კომენტარი წამოვა ამ თემაზე. ეს ბათუმის პიარიცაა. ასევ ვთქვათ, პირველ პრეცენდენტს მოვახდენთ საქართველოშიც. ეს ზოგს შეუძლია პიარად ჩათვალოს, ზოგს – არა. მე მაინტერესებს ერთი რამ – რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ქალაქ ბათუმის მერის სტერეოტიპი შევცვალოთ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი საკუთარ მერობის კანდიდატს ბათუმში სექტემბრის ბოლოსთვის წარადგენს.
მასალის ავტორი თამარ ტყემალაძე
წყარო: აიპრესი