ენზელ მკოიანი: საქართველოში ვერავითარ დემოკრატიას ვერ ვხედავ

530

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1999 წლიდან და ახალქალაქის რაიონის მრავალგზის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არის და რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ ტაბულა წერს.

გუშინ, 16 სექტემბერს ღამით, ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ენზელ მკოიანის ძმის კუთვნილ კომპანიაში, წაღებულია დიდი მოცულობით დოკუმენტაცია. მკოაიანი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ამგვარად მას კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.

“ვერავითარ დემოკრატიას მე ვერ ვხედავ. უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს ძლიერი ზეწოლა, რომ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. ღამით მოვიდა ფინანსური პოლიციის 10 გამომძიებელი, გააღვიძეს ბუღალტერი, მთელი დოკუმენტაცია შეკრიბეს, გატანილია 30-40 ტომარა. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ასე არ შეიძლება. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეს არის ბიზნესზე ზეწოლა, ჩემზე ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება, იმ მიზნით, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა”, – აცხადებს მკოიანი.

ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად 1999 და 2004 წლებში აირჩიეს. 2008 წლის არჩევნებზე უკვე “ნაციონალური მოძრაობიდან” აირჩიეს იმავე ოლქში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ იგი კვლავ დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა, ხოლო 2016 წლიდან მან უკვე კენჭი ქართული ოცნებიდან იყარა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატად სამველ მანუკიანი წარადგინა, ხოლო მკოიანი კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა.