ნინოწმინდაში,2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, აქედან ერთი, სურენ მოსოიანი, დამოუკიდებელი კანდიდატია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავაკ ბდოიანი დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი. რა პრობლემებს ხედავენ მუნიციპალიტეტში კანდიდატები და გამარჯვების შემთხვევაში, რომელი საკითხის მოგვარებაზე დაიწყებენ ზრუნვას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„შეხვედრების დროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის შიში იკვეთება, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გამოდიან და ეცნობიან ჩვენს პროგრამას. თუ ამირჩევენ, პირველ რიგში სოფლებში დავიწყებ წყლისა და სათიბების პრობლემის მოგვარებას“,- ამბობს ავაკ ბდოიანი.
დამოუკიდებელი კანდიდატი სურენ მოსოიანი ამბობს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში სოფლებში მოსახლეობას უფრო ხშირად შეხვდება და პრიორიტეტებს მათთან ერთად დასახავს.
„ნინოწმინდაში წინასაარჩევნო გარემო ძალიან მშვიდია, ხალხთან შეხვედრები მშვიდად მიმდინარეობს. მერად არჩევის შემდეგ, პირველ რიგში მუნიციპალიტეტის სოფლების მოვლას დავიწყებ. პრობლემებს ინდივიდუალურად, თოთოეული სოფლის მიხედვით განვიხილავ. ყველა პრობლემას ჩავნიშნავ, სტანდარტულად არ ვიტყვი: წყალი, დენი, გაზი გაკეთდებაო“,- ამბობს სურენ მოსოიანი.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარება, მათი განათლება და დასაქმებაზე ზრუნვაა.
„მუნიციპალიტეტის 31-ვე სოფელს ექნება საბავშვო ბაღი და კეთილმოწყობილი სკოლები, დასრულდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხელი შეეწყობა მცირე მეწარმეობას, შესაბამისად გაჩნდება სამუშაო ადგილები. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ტბებით მდიდარ ნინოწმინდის ტურისტულ პოტენციალსაც. ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ის უნდა იყოს, რომ ნასწავლი თაობის, ჩვენი მერცხლების, მუნიციპალიტეტში დაბრუნებული ჩვენი ახალგაზრდების დასაქმება შევძლოთ. გაიზრდება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებსა და სამკურნალო საშუალებებზე, გაიზრდება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურება“,- ამბობს ანივარდ მოსოიანი
2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ახალქალქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული სია 5 პარტიას აქვს დარეგისტრირებული, პარტიული სიები კი 8 პარტიას.