რუსთავში ახალი ავტობუსების შემოსვლის განრიგი ცნობილია

69

წინა სტატია

რუსთავში 40 ახალი ავტობუსი  ეტაპობრივად დეკემბრის თვიდან შემოვა. როგორც რუსთავის მერის მოადგილემ,  ბესიკ ტოგონიძემ TV4-ს განუცხადა, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვეში დაიწყება და იანვარში დასრულდება.

ავტობუსების  შემოსვლის თარიღების გრაფიკი ასეთია: 

  •  3 დეკემბერი – 8 ავტობუსი
  • 10 დეკემბერი – 4 ავტობუსი
  • 17 დეკემბერი – 10 ავტობუსი
  • 31 დეკემბერი – 10  ავტობუსი
  • 7 იანვარი – 8 ავტობუსი

მისივე ინფორმაციით, იგეგმება ახალი გაჩერებებისა და ტაბლოების მოწყობაც. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

“ავტობუსების შემოყვანა 2020 წლის დეკემბერში დაიწყება და ინვარში დასრულდება. ძირითადი ნაწილი ეტაპობრივად შემოვა დეკემბრის თვეში, რამოდენიმე ეტაპად შემოვა სხვადსხვა რაოდენობის ავტობუსი.

40 ერთეული ავტობუსი არის ის რაოდენობა, რომ სრულად დააკმაყოფილებს ქალაქს. 10 მეტრიან ავტობუსებზე გავაკეთეთ აქცენტი. ქალაქების უმრავლესობამ შეარჩია 8.5 მეტრიანი ავტობუსები. რუსთავის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ვაკე ადგილი, ზოგადად, ქუჩებიც ისეა მოწყობილი, რომ შესაძლებელია ამ ავტობუსების გადაადგილება და ტევადობა მათი არის უფრო მეტი. აქედან გამომდინარე, ეს 40 ავტობუსი აკმაყოფილებს ქალაქის მოთხოვნებს. ავტობუსების ტევადობა 83 ადგილს შეადგენს, აქედან 25 არის დასაჯდომი, მათ შორის გათვალსწინებულია შშმ პირებისთვის შესაბამისი ადგილები.

ჯამში იქნება 80 გაჩერება, აქედან 50 ფაქტობრივად ფუნქციონირებს, 30 დამატებით მოეწყობა. არსებულ გაჩერებებზე მთლიანად მოხდება არსებული ტაბლოების რეაბილიტაცია, ახალ გაჩერებებზე ახალი ტაბლოები დამონტაჟდება. ავტობუსები აღჭურვილი იქნება GPS სისტემით და სრულიად ავტომატიზებული იქნება მართვა. შესაბამისი თანხები გათვალისწინებული გვაქვს ბიუჯეტში და უახლოეს მომავალში ტაბლოებისა და შესაბამისი სისტემების მოწყობაზე გამოვაცხადებთ სატენდერო პროცედურებს, რასაც ავტოტრანსპორტის საწარმო უზრუნველყოფს,” – განაცხადა ბესო ტოგონიძემ.

შეგახსენებთ,  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ექვსი ქალაქისთვის, მათ შორის რუსთავისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

პროგრამა ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას ითვალისწინებს.  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.