2020 წლის 31 ოქტომბერს თელავში საკრებულოს შუალედური რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოში რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა. თელავის N17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, შუალედური არჩევნები კისისხევში ჩატარდება და ის სამ საარჩევნო უბანს შეიცავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
“სოფელ კისისხევში შუალედური არჩევნები ჩატარდება სულ სამ უბანზე. ორი იქნება სოფელ კისისხევში და ერთი სოფელ ნასამხრალში. პარტიების რეგისტრაცია კი დასრულდა, მაგრამ კანდიდატების წარდგენის ვადა არის არაუგვიანეს არჩევნებამდე 30 დღის. ამ დროისთვის 13 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული და მათ შეუძლიათ წარმოადგინონ კანდიდატები.
ჯერ ოფიციალურ კანდიდატად არავინ დარეგისტრირებულა. ჩვენ მოგვივიდა საკრებულოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ვინც იყო სოფელში მაჟორიტარი დეპუტატი შეუწყდა უფლებმოსილება.
ავარიის გამო და სასამართლომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აღნიშნული შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და ახლა ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. უბანზე მისულ ამომრჩევლებს 3 ბიულეტენი დახვდებათ. 1 პროპორციული, 1 მაჟორიტარული და ერთიც შუალედურის’’,– განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიმართ, ძალაში გაგამტყუნებელი განაჩენი გასულ წელს შევიდა. ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ცნობად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ კისისხევის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ყარასაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმება, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გაფორმდა. ავარიის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ზაქარია ყარასაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოში პარტია ” ქართული ოცნებიდან” მოხვდა.