TI: ზუგდიდის საკრებულოს წევრის მამის ტენდერებში გამარჯვება ეჭვებს აჩენს

563

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის ზაზა პროკოპენკოს მამის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში, ეჭვებს აჩენს პროცესის კანონიერებაზე, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

” ხუტა პროკოპენკომ 2019 წლის ივნისიდან დღემდე, ცხრა გამარტივებული შესყიდვიდან 41 049 ლარი მიიღო, ერთი მოგებული ტენდერიდან კი 3,240 ლარი ჩაერიცხა”, – აცხადებს არჩილ თოდუა.

“გამჭვირვალობის” ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მასთან სატრანსპორტო მომსახურებაზე 22 ათასი ლარის მოცულობის ორი კონტრაქტი გაფორმდა.

არასამთავრობოს ეჭვს პროცესის კანონიერებაზე არ იზიარებს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე. ზაზა პროკოპენკომ გამოცემა “ლაივპრესს” უთხრა, რომ მამამისის მიერ შეთავაზებული თანხა ყველაზე დაბალი იყო და მისი მონაწილეობით ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი არ იზარალა, პირიქით, იხეირა.

ზაზა პროკოპენკო ადასტურებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაფორმდა ორი ხელშეკრულება, 22 510 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მამამისის მიერ შეთავაზებული ფასი იყო ყველაზე დაბალი. საუბარი ანაკლიაში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას შეეხებოდა, ვისაც კარანტინის ვადა ამოეწურა. ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა შიდასაქალაქთაშორისო და შიდა ტრანსპორტი.

” ამ 22 510 ლარით მომსახურება იყო 32 ათას კილომეტრზე. ეს ძალიან დაბალი ფასია. ამიტომ არავითარ ეჭვს არ ბადებს ეს ხელშეკრულებები. მაშინ ფაქტობრივად მუშაობაც არ უნდოდა არავის, რადგან ეშინოდათ ვირუსის. მე როგორც გავიგე, სულ რაღაც სამმა მეწარმემ გამოთქვა სურვილი. აქ ვერავითარ საეჭვო გარიგებას ვერ ვხედავ. პირიქით. მთავარია ფასი. ფასი განსაზღვრავს ეჭვებს. თუ ფასი საბაზრო ფასზე მაღალია, მაშინ ბუნებრივია იქნება ლეგიტიმური კითხვა, მაინცდამაინც საკრებულოს წევრის მამამ რატომ გაიმარჯვა. მაგრამ თუ ფასი დაბალია, აქ საეჭვო არაფერია და მე პირიქით, ვამაყობ ამ ხელშეკრულებით”, – გვითხრა ზაზა პროკოპენკომ.

მისივე თქმით, მანამდე, 2019 წელს იყო კიდევ ერთი ხელშეკრულება, თბილისის მიმართულებით სამხედრო გაწვევებთან დაკავშირებული, რომლის ღირებულებაც 3 ათას ლარამდე იყო და ეს ფასიც დაბალია. ამბობს, რომ სხვა ხელშეკრულებები არ ყოფილა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ არასამთავრობოს მიერ გამოთქმული ეჭვები უსაფუძვლოა.

“გამჭვირვალობა” კი მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული ეს შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ისინი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.