პრემიერი როცა გავხდები, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად შევასრულებ ყველა დაპირებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ მართლმსაჯულების საკითხზე გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, შეთანხმება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას გულისხმობს, საქართველოს მოქალაქეს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.
„საქართველოში კრიმინალი გაორმაგდა, პროკურატურა მხოლოდ პოლიტიკური საქმეებით არის დაკავებული, სუს-ი პოლიტიკოსებს დასდევს იმის ნაცვლად რომ ეროვნულ უსაფრთხოებაზე იზრუნოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი დოკუმენტი არის ფუნდამენტი, რომ საქართველოს ეყოლება დეპოლიტიზირებული, ადამიანზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემა. ეს არის არაპოლიტიკური შინაგან საქმეთა მინისტრი, პირდაპირ არჩეული რაიონის საპატრულოს უფროსები, ცენტრალური საგამოძიებო ბიურო „ეფბიაის“ მსგავსად, საგამოძიებო ფუნქციაჩამოშორებული პროკურატურა, დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი, გაუქმებული სუს-ი და დამთავრებული მოსმენები. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც უსაფრთხოდ აგრძნობინებს თითოეულ მოქალაქეს თავს და მეორე მხრივ, პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს. როგორც კი გავხდები პრემიერი, ვალდებულებას ვიღებ, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად შევასრულო ყველა ეს დაპირება“, – განაცხადა ვაშაძემ.