ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ განახლდება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსი სოფელ მატნის საჯარო სკოლის პედაგოგს აღმოჩნდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღო.
„დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის“ – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სამი კლასტერი გამოიკვეთა და ყველა ლოკაციაზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს.
„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ახლო კონტაქტებიდან 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დროულად მოხდა ეპიდკვლევა, შესაბამისად, ლაგოდეხში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ე.წ ველისციხის კლასტერიდან 35 ნიმუში გაიგზავნა და ლაბორატორიულად ოჯახის 5 წევრის ორგანიზმში ვირუსის არსებობა დადასტურდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. ამ შემთხვევაში წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. მატანში სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის COVID-19 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდათ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.