საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ კანონის პროექტი წარადგინა, რომელიც ახალი სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს. კანონპროექტი გარემოს აღდგენასა და მის პირველ მდგომარეობაში მოყვანას დამბინძურებელს ავალდებულებს. ამის შესახებ on.ge წერს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, ამ კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, “დამბინძურებელი იხდის” პრინციპის შესაბამისად.
კანონით 45 000 ლარამდე საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დეპარტამენტს სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
შეუტყობინებლობა პირის 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა კი 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის პირველი მოსმენა იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართა.