ცაგერის სოფელ ოყურეშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

813

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და ბეტონის კიუვეტები მოეწყობა. გათვალისწინებულია გაბიონებისა და დამჭერი კედლის სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ 5 კმ-იან გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.