კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ

457

კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ასევე გაგრძელდება პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებშიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით გაკვეთილები უკვე ჩაწერილია.

„სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში პანდემიის გამო სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ „ტელესკოლაზე“ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები. ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები არის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პრობრამა გავა „პირველი არხი – განათლება“ „ტელესკოლის“ ფარგლებში.

მოსწავლეებს და მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა ხელი შეუწყონ საკუთარ შვილებს გამოიყენონ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სამინისტრომ შექმნა ელექტრონული ჟურნალიც, რომლითაც სკოლას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს როგორც დასწრების, ასევე აკადემიური მოსწრების აღნიშვნის და შეფასების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში და მსხვილ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.