თბილისში და მსხვილ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება

522

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. რაც შეეხება ბათუმს, იქ სასწავლო პროცესი 1 ნოემბრამდე არ აღდგება.

ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ილაპარაკა.

“დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი ნებისმიერი სასწავლო პროცესი, უმაღლესი სასწავლებელიც და სკოლებიც დაიწყება პირველი ოქტომბრიდან… ეს ჩვენთვის საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები დღევანდელი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად 2 კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს”, – თქვა გიორგი გახარიამ.

ბათუმში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები აქამდეც იყო, აქ სწავლა 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში განახლდება და სააუდიტორიო/საკლასო მეცადინეობები პირველ ოქტომბრამდე არ დაიწყება.

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-თ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.