ნანა ტოხვაძე: დირექტორებს სკოლაში სასურველი პირის დასაქმების თხოვნით, მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ

678

სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით, – ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის განცხადებით, სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით გამოიკვეთა ხარვეზები, დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.

„2020 წელს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკატო კონკურსი სავალდებულო გახლდათ იმ 1000-ზე მეტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მართავდნენ საჯარო სკოლებს. მათ დაეკისრათ ვალდებულება, დაადასტურონ შესაბამისი კვალიფიკაცია და გახდნენ საგანმანათლებლო ლიდერები. “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული ინიციატივა სწორედ ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს.

სერტიფიცირებულ დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა არჩეულ იქნენ პირდაპირი წესით სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლების მიერ 2084-ივე საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს 3000 ლარიან საბაზისო ანაზღაურებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა დირექტორთა საქმიანობისა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულების მიმართულებით. საუბარია რესურს ცენტრების მოურიდებელ ჩარევაზე სამეურვეო საბჭოების საქმიანობაში, რათა სხვადასხვა სქემითა და მექანიზმით “გაიყვანონ” სასურველი კადრი სკოლის დირექტორად.

იგივე მავნე პრაქტიკა დადასტურდა მასწავლებელთა დასაქმების ნაწილში დირექტორთა გადაცდომებზე. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში „პედაგოგთა დაქირავება საქართველოში: INTES-შეფასება“, საუბარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან სკოლების საკადრო საკითხებში ჩართვის შესაძლო ფაქტებზე. სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე.

საბედნიეროდ, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენი გუნდის ხედვა, პირდაპირი წესით არჩეული სკოლის ლიდერები ერთ-ერთი ეფექტიანი გამოსავალია, რასაც კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან, საექსპერტო წრეებთან და ჩართულ მხარეებთან ერთად ნახევარ წელზე მეტია აქტიურად განვიხილავთ და ვაჯერებთ პოზიციებს“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.