ხარაგაულელი პედაგოგები ტრანსპორტირებისთვის დახმარებას ითხოვენ

774

ხარაგაულში მცხოვრები 11 პედაგოგი, რომლებიც მარელისისა და მოლითის სკოლებში არიან დასაქმებული, ხარაგაულიდან სკოლამდე ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

„ხარაგაულიდან მარელისამდე ყოველდღე მიწევს გადაადგილება. გასულ წელს დილის მატარებელს დავყვებოდით, განახლებული „მასტერაო“ დილით ხაშურიდან მოდის. კარგი იქნება თუ ჩვენთვის ტრანსპორტი დაინიშნება, რომ სკოლამდე მისვლა შევძლოთ. სკოლიდან კი შუადღის „მასტერაოს“ წამოვყვებით,“ – ამბობს მარელისის სკოლის პედაგოგი ინგა ვეფხვაძე.

წერილობითი მოთხოვნა დღეს პედაგოგებმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს კობა ლურსმანაშვილს წარუდგინეს.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გარკვეული პროცედურები სჭირდება, რაც დროში ხანგრძლივი პროცესია.

„რკინიგზის თანამშრომლებისთვის დილით 7 საათზე მოლითის მიმართულებით ორვაგონიანი მატარებელი მოძრაობს. შევეცდები, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობას დავუკავშირდე, რომ 11 ხარაგაულელი პედაგოგისათვის ამ მატარებელში ადგილები გამოინახოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება აღირიცხოს, ვინ იმოძრავებს ამ მატარებლით, ყველა მათგანმა გაიაროს თერმოსკრინინგი და დაიცვას რეგულაციები. საქართველოს რგინიგზიდან პახუხს მიღებისთანავე გაცნობებთ,“ – აღნიშნა კობა ლურმანაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე.