ვინ არიან მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატები

1110

პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ მარნეულში წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვია, „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობისათვის ზაურ დარგალი იბრძოლებს, „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატად ახმედ იმამკულიევი დაასახელა, „ლელოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი მურად მურადოვი იქნება, „ლეიბორისტული პარტია“ ახლო მომავალში კანდიდატს, ალი ბადიროვს, ოფიციალურად წარადგენს, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი მახირ იუსუპოვია, ხოლო „ქართული მარშიდან“ მაჟორიტარობისათვის ისპანდერ ქერიმოვი იბრძოლებს. ამ თემაზე სტატიას რადიო მარნეული ავრცელებს. 

8 სექტემბერს მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს აზერ სულეიმანოვს მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კაპანახჩიში ჰქონდა.

„ჩვენი მთავარი ხედვა არის საქართველო, როგორ განვითარდეს ჩვენი სამშობლო. ცხოვრებაა საქართველოში გაჩერებული. ჩვენ ერთხელ ვიყავით მთავრობაში და ჩვენ ვიცით თუ როგორ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ხალხს დღევანდელი მთავრობის იმედი დაკარგული აქვს, ამიტომ 31 ოქტომბერს ჩვენი ხალხის გამარჯვების დღე იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენ გაჩერებულ პროექტებს თავიდან დავიწყებთ“ – ესეთია აზერ სულეიმანოვის წინასაარჩევნო დაპირება.

8 სექტემბერს ახალგაზრდებთან ჰქონდა შეხვედრა „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატ ზაურ დარგალს. შეხვედრის გამართვის შესახებ რადიო „მარნეულს“ პარტიამ დაგვიანებით შეატყობინა და ფოტო და ვიდეო მასალა თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოგვაწოდა.

„სოფლებში გასვლითი შეხვედრების შემდგომ, ზაურ დარგალი, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. კანდიდატმა გამოსვლაში, თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ყველა ის პრიორიტეტული საკითხი გამოკვეთა, რომლებსაც მისი მაჟორიტარ- დეპუტატად არჩევის შემთხვევაში მხარს დაუჭერს“ – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო „ევროპულმა საქართველომაც“. „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი 2020 წლის არჩევნების შემდგომ კოალიციური მმართველობის შექმნაა.

„პირადად მე და ჩვენს ადგილობრივ გუნდს გვაქვს მიზანი, რომ მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში შევცვალოთ დღევანდელი რეალობა. ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის უფრო მეტი სამუშაო ადგილი უნდა იყოს, პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა იყოს, მეტი ადამიანი საზოგადოებრივი, აქტიური, ცხოვრებით და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის თანავე პირველივე მიზანი იქნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობისადმი პასუხისმგებლობა გაიზარდოს“ – გვითხრა ახმედ იმამკულიევმა.

იმამკულიევის განცხადებით, ცენტრალურ დონეზე, პარტიის მთავარი მიზანი საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, სასამართლოს კლანური მმართველობისაგან განთავისუფლება და ევროპულ ოჯახში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის სტატუსის მოხვეჭაა.

რადიო „მარნეულის“ საავტორო გადაცემა „ქალის აზრში“ სტუმრობისას „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მურად მურადოვმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრა.

„ახალი ძალა, ახალი იმაედი – „ლელო“. „ლელო“ არის ის პარტია სადაც მე დავინახე ჩემი თავი. მე „ლელოში“ მოსვლისთანავე ვიცოდი, რომ ეს ის პარტიაა სადაც მე უნდა ვიყო. მეორე მიზეზი, რამაც ჩემს პოლიტიკაში მოსვლას უბიძგა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გარედან ზეწოლის მოხდენას პოლიტიკაზე და მთავრობას რაღაცეების გაკეთებისკენ ვუბიძგებდით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ უმჯობესია და კარგი იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში და თავად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც წლების განმავლობაში მოვითხოვთ ხელისუფლებისგან“ – განაცხადა მურად მურადოვმა „ქალის აზრში“ საუბრისას.

მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არ დაუწყია „ლეიბორისტების“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატ ალი ბადიროვს. ბადიროვმა რადიო „მარნეულთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ 2019 წლის მერის არჩევნებზე მისი მონაწილეობა გარკვეულწილად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება იყო.

„ახლა უკვე საერიოზულად მომზადებულად მიმაჩნია თავი და მეორე ტურში გასვლისათვის ვემზადები. ვფიქრობ, ამჯერად კარგი შანსი მექნება რომ გავხდე გამარჯვებული. ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი იურისტიც უნდა იყოს რომელსაც საკანონმდებლო ნორმებზე შეეძლება მუშაობა, შეეძლება კანონპროექტების წარდგენა, რაც აქამდე არცერთ აზერბაიჯანელ დეპუტატს არ გაუკეთებია“ – ამბობს ალი ბადიროვი

„ქართულმა მარშმა“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ისპანდერ ქერიმოვი დაასახელა. ქერიმოვმა რადიო „მარნეულს“, პირადი პრობლემების გამო, რამდენიმე დღეში სთხოვა დაკავშირება.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ მარნეულის მაჟორიტარ კანდიდატს, მახირ იუსუპოვს, მისი საკონტაქტო ინფორმაცია ცენტრალურ პარტიაში ვერ მოვიძიეთ.