არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით მასობრივად გაათავისუფლეს. ამის შესახებს სამხრეთის კარიბჭე წერს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISEF) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს. მესამე შუალედურ ანგარიშში ნინოწმინდის მერიაში განვითარებული მოვლენები ისე შევიდა, როგორც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.
კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ ნინოწმინდის მერიაში, აგვისტოში, ჯამში სამსახური ამა თუ იმ მიზეზით 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ანგარიშში მოყვანილია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული სტატიაც – „გუბერნიიდან იყო მოთხოვნა, რომ სამსახურები დაგვეტოვებინა’ – ნინოწმინდის მერიაში განცხადებები დაწერეს“.
„გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებები პოლიტიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით მერის წარმომადგენლების შემთხვევაში, რადგან მათი უმეტესობა ღიად უჭერდა მხარს ენზელ მკოიანს და მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტიას ამ სოფლებში პრობლემები შექმნოდა. თუმცა, ისინი ღიად ლაპარაკს არ აპირებენ. მერის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა მკოიანის მხარდამჭერ გადაცემაში, რომელიც ტელევიზია „ფარვანაში“ გავიდა“, – წერია ანგარიშში.
მათივე განმარტებით, მოგვიანებით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადა სპორტსკოლის დირექტორმა ანდრანიკ კარსლიანმაც, რომელიც, ასევე, მკოიანის ახლო მეგობარია.