ბოლნისის მერია: ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი დასრულდა

643

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ტურისტული ლოკაცია შეემატა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისვლა დამთვალიერებლებს ახლა უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარეგანათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა.

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

„რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ქვეშის ციხემდე მიმსასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა. ვიზიტორებს ისტორიულ ძეგლამდე მისვლა, ახალა უკვე კომფორტული ქვაფენილიანი გზით შეუძლიათ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასალად ადგილობრივი ბაზალტია გამოყენებული, რაც მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებს უფრო მძლავრად მუშაობის საშუალებას აძლევს და ამით ადგილობრივი ეკონომიკაც ვითარდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.