საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების” ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემები.
არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში.
54% -ს სჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას.
საბავშვო ბაღების 46 % -ში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად.
არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით.
საბავშვო ბაღების 73 % იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით.
სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით.
აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას.
შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი.
პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.
სულ მონიტორინგი 143 ბაგა-ბაღში ჩატარდა.სახალხო