„გირჩი“: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა შეხვედრებში, რომლებიც შესაძლოა, მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერას, ალკოჰოლის მიღებას

300

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გირჩი“ ღია და დახურული ტიპის, ხალხმრავალი შეხვედრების მოწყობას გეგმავს.

როგორც პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი შეხვედრები, გარდა ამომრჩეველთან შეხვედრისა, შესაძლოა მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერას, ალკოჰოლის მიღებას, კერძების დაგემოვნებას და ა.შ.

პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში ხელის შეშლა აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”, – ნათქვამია განცხადებაში.