ამ პრობლემას დეცენტრალიზაცია მოაგვარებს – რაქვიაშვილი “ოცნების” მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

430

“ქართული ოცნების” აქცია ძალის დემონსტრაციაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აქციისთვის, რაქვიაშვილის თქმით, გასაკვირი ის იქნებოდა, მათ რომ ეს რესურსი არ გამოეყენებინათ. რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას დეცენტრალიზაცია მოაგვარებს.

“ეს არის ძალის დემონსტრაცია, მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი მიტინგი გამართა, „ქართული ოცნების” ამომრჩევლები რომ არ შეშინდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერდება, “ქართული ოცნება” სანაცვლოდ კიდევ უფრო დიდ მიტინგს აწყობს. მეტი განსაკუთრებული შინაარსი მას არ გააჩნია. რომ აღმოვაჩინოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არც ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, არც ფული გადაიხადა და ისე გამოიყვანა ქუჩაში 100 000 კაცი, ეს ხომ მართლა გასაკვირი იქნება, მართლა ნიუსი იქნება. ის, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ჩვეულებრივი ამბავია, ყველა მთავრობა ასე იქცევა და ასე მოიქცევა მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ მას ეს ბერკეტი ფიზიკურად არ ჰქონდეს. ამას მოაგვარებდა რეალური დეცენტრალიზაცია, ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.