მინდა, ერთ ადგილას მაინც დავინახოთ ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი – მინდა იმისთვის, რომ სეირს დავაკვირდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხვიჩიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნაცებისა“ და „ქოცების“ არჩევანი პირადად მისთვის საინტერესო არ არის და არჩევნებზე არ მიდის“.
„ზოგადად იმისთვის, რომ პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ეგზოტიკური გახდეს, არ იქნება ცუდი, რომელიმე ქალაქში “ნაციონალი“ მერი იყოს. ჩვენ ერთხელ კოჰაბიტაციის პერიოდი გვქონდა, სადაც იგივე პოლიტიკური ძალები კოჰაბიტაციის ფორმატში ერთმანეთთან კარგად თუ ცუდად თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, პრემიერს დაავიწყდა, როცა „ნაცებთან“ კოჰაბიტაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ ელის. ხვიჩიას შეფასებით, „ოპოზიცია რევოლუციის მომწყობი რომ იყოს, აქამდე ბევრ რევოლუციას მოაწყობდა“.
„სხვათა შორის, გასულ წელს, როცა საპარლამენტო ბოიკოტზე იყო საუბარი, ოპოზიციონერ კოლეგებთან დავდიოდი და ვკითხულობდი, თუ სად იყო რევოლუციური შტაბი. მაშინ ასეთი შტაბი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, ახლა აქვთ თუ არა. მე რევოლუციის მომხრე არ ვარ, თუ მე არ ვაწყობ მას! არ შეიძლება სხვისი მოწყობილი რევოლუცია გინდოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.