ზურაბ პატარაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

1193

ქობულეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბონდო თედორაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მირიან ქათამაძეს, ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ქობულეთში ექვსი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბიუჯეტიდან 457 057 ლარი გამოიყო. ბონდო თედორაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ სტადიონებისთვის გამოყოფილ თანხას, წინასააჩევნოდ გამოიყენებს.

“17 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიცირებით საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა, სწორედ ამ საბიუჯეტო ცვლილებაზე ქობულეთში 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიგეგმა, რისთვისაც 457 057 ლარი გამოიყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე კითხვის ნიშნებს სვამდა აღნიშნული თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებით აღნიშნული თანხის გამოყოფას კორუფციას, რადგან ეს ციფრები გაბერილია და არა შეესაბამება რეალობას. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხის გამოყოფა პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზებას „ქართული ოცნების“ ე.წ. შტაბისათვის. სწორედ, რომ ზურაბ პატარაძის და ქობულეთის გამგებლობის კანდიდატის მირიან ქათამაძის დავალებით აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვა გამგებლის გვერდის ავლით მოხდა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სხდომაზე დასწრებაზე თავიდანვე უარი განაცხადა აღნიშნული ცვლილების წარდგენისას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ პატარაძესა და მირიან ქათამაძეს მოუწოდებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში ნუ ერევიან და თავი შეიკავონ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის არამიზნობრივი და სავარაუდო კორუფციული ხარჯვისაგან“,- აცხადებს ბონდო თედორაძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი