პარლამენტში “ახალი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა და უახლოეს მომავალში, მისი საკომიტეტო განხილვები იწყება.
უწყების განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“. გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.
ამასთან, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 ლარს; ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
„ჯარიმები (5000-დან 10 000 ლარამდე) განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც.
გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი – 40 000-დან 80 000 ლარამდე. გარდა ამისა, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმით განისაზღვრება”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.