31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ

453

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში საკუთარი კალმითაც ისარგებლონ.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება.

ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ მარკირების სითხეზე სანიტაიზერები გავლენას ვერ ახდენს.

„მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, ახალი მარკირების სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა. ჩვენს ხელთ არსებული მარკირების სითხე ადრეც ყოფილა გადამოწმებული და არათუ სპირტით, მძიმე ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელია მისი მოშორება. მე პირადად მაქვს დასხმული, შემოწმებული, ჩემს თანამშრომლებსაც და ამ კუთხით, პრაქტიკულად შეუძლებელია მარკირების სითხეს პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა ჟვანიამ.