გახარია: 1 ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას დისტანციურად დაიწყებენ

519

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1 ოქტომბერს დაიწყება.

პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან.

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“ – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო ერთი კვირაა ბათუმში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი უკავშირდება „დონას კლასტერს“. დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება.