უსკოს 6 ძირითად წევრს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული 6 დროებითი წევრი დაემატა, რომელთა უფლებამოსილების ვადა არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე განისაზღვრება. კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკარგულებით განსაზღვრა პარტიული სიის ფორმა. პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.
„საარჩევნო სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარმოუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე, აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. დღეს, ასევე, განკარგულებით დამტკიცდა ფორმები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციისათვის. ვინაიდან, ერთად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში, მან განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს და წარმოადგინოს ცესკოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას არ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი) და წარმოადგინოს მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერი. ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს მე-7 დღისა (24 ოქტომბერი) და წარუდგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უკვე კენჭისყრამდე, არაუგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი) უსკოს მდივანს უნდა წარმოუდგინოს ინფორმაცია დამკვირველებთა შესახებ მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად“, – აცხადებენ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.
უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა 4 სექტემბერს დასრულდა. კომისიაში რეგისტრაცია 20-მა პარტიამ გაიარა, 6 პარტიის დოკუმენტაცია კი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. 4 სექტემბერს დასრულდა ასევე საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საინიციატივო ჯგუფების მიმართვის ვადა.
უსკო-ში აცხადებენ, რომ არც ერთ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფების მიერ განცხადების წარდგენა არ განხორციელებულა. რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი, რომლის რეგისტრაციისათვის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა (18 სექტემბრამდე) უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ განცხადება ბლოკის რეგისტრაციის შესახებ.
1 ოქტომბრისათვის (ბოლო ვადა) პოლიტიკურმა სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, უსკომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით გამოაქვეყნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოლქების მიხედვით, 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.