გახარია ფერმერებს: თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ

677

თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 6 სექტემბერს ზუგდიდში, „თხილობა 2020“-ზე შეკრებილ მოქალაქეებს.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მოსთხოვონ.

„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი მუშაობით თხილის ექსპორტი გააორმაგოს. ჩვენ 100 ათასი ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად უნდა გავზარდოთ ჰექტარზე მოსავალი. ამისთვის გვჭირდება ცოდნა და ტექნოლოგიები. სახელმწიფო უნდა დაუდგეს თითოეულ ფერმერს გვერდით. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. რაც მთავარია, მინდა, გისურვოთ მშვიდობა. ყოველდღიური შრომის ეფექტიანი შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და შემდეგ სიამაყის გრძნობა. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი ფერმერებს, თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, რადგან არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, ვიდრე რიგით ადამიანს ემსახურო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.