ოპოზიცია მარნეულში „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

446

ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბთან მთელი დღის განმავლობაში მარნეულის მერიის თანამშრომლები დგანან.

„სახელისუფლებო პარტიის შტაბთან, ოცნების შტაბთან, დილიდან დაღამებამდე, სამუშაო საათებში მერიის თანამშრომლები დგანან, ეს პირველი დარღვევა. მეორე, სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ საარჩევნო აგიტაციებზე, რაც შეეხება შეხვედრებს, ჩვენ ვხედავთ მასწავლებლებს რომლებიც ითვლებიან ადმინისტრაციულ რესურსად. ეს მხოლოდ წელს არ ხდება, ეს სამთავრობო ხელისუფლების აპრობირებული მეთოდია“, – ამბობს აგილ მუსტაფაევი.

მუსტაფაევის მსგავსად, მასწავლებლების რესურსების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ახმედ იმამკულიევიც.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ზუსტად ისაა, რომ ბატონი ზაურ დარგალი გადის სოფლებში და შეხვედრებზე ამბობს, რომ აი ჩვენ პანდემიის დროს დაგეხმარეთ თანხით და პლიუს ახლა ბავშვებს რომ აძლევენ 200 ლარიან დახმარებას. ამას ხომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აძლევენ, ეს ხომ „ქართული ოცნების“ ფული არაა, ამის გამოყენება და ამაზე აპელირება შეხვედრებისას არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

ადმინისტრაციული რესურსი ძირითადად ოთხ ნაწილადაა კატეგორიზებული. ესენია, აღსრულებითი, სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური. აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გამოიხატება იმ ფაქტებში, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდაჭერების წინააღმდეგ იყენებს აღსრულებით რესურსს – დაკავება, დაშინება, ძალადობა და ა.შ. სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას მიიღება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც რომელიმე პარტიას უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. ფინანსური ადმინისტრაციული რესურსი არის, როდესაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი რესურსები ისეთ აქტივობებზე მიემართება, რომელიც სახელისუფლებო პარტიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

რაც შეეხება ინსტიტუციურ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე განმარტავს, რომ მას დეცენტრალიზირებული ხასიათი გააჩნია.

„ადგილობრივი მოხელეები უფრო მეტად ინსტიტუციურ რესურსს იყენებენ. ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსია საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო უხდის ხელფასს. ეს ადამიანია რესურსი და ასევე, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული სხვადასხვა პროექტები რომლებიც შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს ნეიტრალური და ისინი უნდა აკეთებდნენ კანონით გათვალისწინებულ, დადგენილ საქმეს,“ – განაცხადა გიგი ჩიხლაძემ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის უფლება არ აქვთ. აღნიშნული უფლება მოხელეებს მხოლოდ მას შემდეგ ეძლევათ, რაც სამსახურს დაასრულებენ, ანუ ძირითადად საღამოს საათებში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს სახელისუფლებო ორგანოს სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერი მოწოდებების გამოქვეყნებაც. ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება სამსახურებრივი მანქანით გადაადგილება პარტიული აქტივობებისათვის.

„ზოგადი პრინციპი, რომ ამოვიცნოთ ადმინისტრაციული რესურსი არის ის, რომ პარტია და სახელმწიფო არის აღრეული ამ დროს. სახელმწიფოს მიერ, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საქმეები როდესაც პარტიის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, საჯარო პირების მხრიდან, უკვე საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან,“ – განაცხადა გიგი ჩიხლაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. მარნეულში მომუშავე პარტიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთან შეხვედრები.