“ლელო” “ოცნებას” პარტიის წევრზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ვოსლკი აცხადებს, რომ რიმა ბერაძის მიმართ რამე ბრალდების არ სჯერა

907

“ლელო” მმართველ გუნდს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან სამუშიას თქმით, პარტიის წარმომადგენელ მანანა  სულთანიშვილს მმართველი პარტიიდან პირდაპირ ემუქრებიან.

საკითხზე ისაუბრა თავად სულთანიშვილმაც, ქალი ჰყვება, რომ მისგან სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მუშაობა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების შეწყვეტითა და უფასო სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვით დაემუქრნენ.

“ლელო საქართველოსთვის” დაუყონებლივ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

ბრალდებას “ქართულ ოცნებაში” გამოეხმაურნენ.

რიმა ბერაძის მიმართ რამე ბრალდების არ მჯერა. ყველა, ვინც იცნობს ამ ადამიანს, ზუსტად იცის, რომ არასდროს მოუკითხავს, ვინ ვისი დამხმარეა, ვინ ვისი მომხრეა და პოლიტიკურად რა გემოვნება აქვს. თუკი რამე შეუძლია, მას, მეც და ყველა ჩვენ, ვეხმარებით ყველას მიუხედავად იმისა „ლელოს“ წევრია, „ლეიბორისტული პარტიის“ თუ სხვა ნებისმიერის. და ეს რეალობაა, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდება, რომელიც რიმა ბერაძის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა, უსაფუძვლოა.

„მოვისმინე საოცარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ სოციალურად დაუცველ ადამიანს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც უფასო სასადილოთი სარგებლობს, თითქოს, აიძულებენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებას. ლოგიკურადაც რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, არ არის ეს ადამიანი ისეთი, რომელმაც შეიძლება დიდი დანაკარგი გამოიწვიოს „ქართულ ოცნებაში“, თუ ვთქვათ სხვა პარტიას უჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​