კობახიძე: სამწუხაროდ, გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანი ყველაფრის გაკრიტიკებაა

358

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ნორმები აქამდეც არსებობდა, თუმცა ახალი კანონპროექტით არსებული რეგულაციები უფრო მკაცრდება.

„თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება „საარჩევნო კოდექსის“ და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას. საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში კიდევ მეტად გაუმჯობესდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს კანონი მხოლოდ ქაღალდზე არ არის დაწერილი – ეს ცვლილება პრაქტიკაში იმუშავებს.

„მაგალითისთვის, 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის რამდენიმე ათეულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელ რიგ საქმეებზე, ასეთი არის ალბათ 20-30 საქმე, განაჩენი დადგა სამართლებრივი. მათ შორის ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემთხვევა. შესაბამისად, კანონი არის არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის საფუძველს, რომ ეს ცვლილებაც არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს ცვლილება იმუშავებს პრაქტიკაშიც”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კობახიძის თქმით, ამ კანონპროექტის მიმართებით კრიტიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ოპოზიციის თვითმიზანი ყველაფრის გაკრიტიკებაა.

„კრიტიკას საფუძველი არ აქვს, ეს კანონპროექტი გავლილია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვიცით, რომ სამწუხაროდ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის მიხედვით არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.