ახალქალაქის სოფელ ჩანდურაში (ჩამძვრალა) მცხოვრები მოსახლეობა საძოვრების იჯარით გაცემას აპროტესტებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 ჰექტარი, რომელზეც პირუტყვს წლების განმავლობაში აძოვებდნენ, 49 წლით სოფლის დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ოჯახის წევრმა მიიღო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დღეს, პირველ სექტემბერს გამართეს. მათი თქმით, კარწახის გზასთან მდებარე 30 004 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტომ იჯარით 2018 წელს გასცა, ამის შესახებ კი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.
„ჩვენი სოფელი სარგებლობს მაგ მიწით, ჩუმად აიღეს იჯარით და არ გვითხრეს. ქიშმიშ ვაირადიანი დეპუტატის დედინაცვალია და მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით საძოვრები. ჩვენი ინფორმაციით მას იქ კარტოფილის დათესვა უნდა. ეს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო და ნახევარსაუკუნიანი იჯარით არ უნდა გაეცათ, ყველამ იცოდა რომ სოფელი სარგებლობდა“, – ამბობენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეები იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი ახალქალაქის მერიაშიც შეიტანეს.
„დღევანდელ აქციაზე ადგილობრივი თვითმმართველობიდან არავინ მოვიდა და ჩვენ წამოვედით. ვითხოვთ რომ ხელშეკრულება გააუქმონ, ეს ტერიტორია სოფელს ეკუთვნის“, – აცხადებენ ადგილობრივები.
„სამხრეთის კარიბჭემ“ ჩანდურას სოფლის დეპუტატთან დაკავშირება ვერ შეძლო, მის ტელეფონზე გვიპასუხეს, რომ „ანდრანიკ მურადიანი გასულია და არ იციან როდის დაბრუნდება“.
ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ტერიტორიას იჯარით ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციის შემდეგ გასცემენ. ამიტომ კითხვას, რატომ გადასცეს კერძო პირს 49 წლიანი იჯარით ის ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა, ახალქალაქის მერიამ უნდა უპასუხოს.
„იჯარის გაცემამდე კონსულტაციას გავდივართ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელიც არის კომპეტენტური თავის ზონაში. თუ იძახიან, რომ ესა თუ ის ტერიტორია საძოვარია, ან სოფელი იყენებს, ჩვენ ასეთ ქონებებს არ ვაიჯარებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წერილი მუნიციპალიტეტიდან, რომლის საფუძველზეც გავეცით იჯარით მიწა“, – განაცხადეს სააგენტოში.
მათი თქმით, იჯარის ხელშეკრულების ანულირება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მოიჯარე თანხას აღარ გადაიხდის.
ახალქალაქის მერი იური უნანიანი კი ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ის ახსოვს, რის საფუძველზე გასცა 2018 წელს თანხმობა სადავო ტერიტორიაზე: „თუ გაინტერესებთ მოგვწერეთ, მე არ მახსოვს ზუსტად რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება“, – გვითხრა უნანიანმა.