ბესელია: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები იქნება ფასადური, მკვდარი ნორმა, რადგან საკუთარ თავს არც ერთი ხელისუფლება არ სჯის

410

ეს არის ფასადური ცვლილებები, სადაც უფრო საკუთარი ინტერესებია ჩართული. რეალურად, ეს იქნება მკვდარი ნორმები, რადგან არცერთი ხელისუფლება, საკუთარ თავს არ სჯის ხოლმე, როდესაც ამომრჩევლის ნებაზე ახდენს ზეწოლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, არის დაგვიანებული.

„არასწორი განმარტებები გაკეთდა, თითქოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ პირველად შემოდის, რომ დასჯადი ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს ჩანაწერი არის „სისხლის სამართლის კოდექსში“, უბრალოდ არასდროს გამოუყენებიათ პრაქტიკულად. ისევე როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დამდგარა ისეთ უკანონო მოქმედებებზე, რომელიც ამომრჩევლს ნების გამოხატვაში ხელს უშლის. როცა არჩევნები დანიშნულია და არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვეზე ნაკლები, არ შეიძლება „საარჩევნო კოდექსი“ იცვლებოდეს, როგორი კეთილშობილური ქოლგაც არ უნდა მოარგოს ამას ხელისუფლებამ. ამ ცვლილებების მიღება აბსოლუტურად შესაძლებელი იყო იმ პაკეტთან ერთად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ვიდრე სესია დაიხურებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.