აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
როგორც ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ანბანის კოშკთან მესამე კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს 11:00 საათიდან 22:00 საათამდე ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი 26 შემთხვევა.
„რა თქმა უნდა, ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ღონისძიება, რაც არის ამ ეტაპზე განსაზღვრული სხვა ჩვეულებრივ კონტაქტების მოძიებასთან ერთად არის გაფართოებული ტესტირება.
ქალაქში იყო 2 კარავი, სადაც შეეძლო ნებისმიერ მსურველს ტესტირების ჩატარება, დღეს კი დაემატება მესამე ლოკაცია ანბანის კოშკთან. ყოველ დღე 11:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება უფასო ტესტირება შესაძლებელი.
ამასთან გაფართოებული ტესტირების ფარგლებში თუ, ვინმეს მოუნდება ტესტირება, ქალაქის ყველა პოლიკლინიკა სამუშაო საათებში მიიღებს ნებისმიერ მსურველს“,-განაცხადა ნონა ეფაძემ.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, მთავრობა ბათუმში სპეციალურ საკარანტინო ზომებს არ აცხადებს და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.