ფრაქცია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
როგორც ფრაქციის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცახდა, ეს კანონპროექტი “თვალში ნაცრის შეყრაა”. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე არავინ დასჯილა, სასჯელის გამკაცრებას აზრი არ აქვს.
“რეალურად ვხედავთ, რომ ისინი არავის სჯიან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის. სუსი აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესში ჩარეული ბოლო წლები და ამის სანაცვლოდ არავინ მინახავს, რომ ამ კანონით პასუხი ეგო, იმ ძველი კანონით, იმ მინიმალური სტანდარტით მოეთხოვათ პასუხი ვახტანგ გომელაურისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ერევიან საარჩევნო პროცესში. ახლა სასჯელის დამძიმება, როდესაც არავინ არასდროს დაგისჯია შენი გუნდიდან – ია კერზაია დაიღუპა, ელემენტარულად განათლების მუშაკსაც კი არ მისცეს საყვედური. ხომ ვიცით, რა დონის ტერორი მიდის წინასაარჩევნოდ და ახლაც ვიცით, რა რესურსი მზადდება იმისათვის, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ზეწოლა. რა ძნელია თანამოაზრეების, კანდიდატების პოვნა რეგიონებში, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის დაშინებული და ამისთვის პასუხი არავის უგია. ამიტომ ამ კანონპროექტის განხილვას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვთქვათ ის, რაც სათქმელია ხელისუფლებასთან მიმართებით წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით. “ქართული ოცნება” იქცევა “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად. ისიც ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით, ტერორით, მოსყიდვით დაიცვას თავისი ხელისუფლება და ქართველ ხალხს არ მისცეს საშუალება დაიბრუნოს საქართველო. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი ერთადერთი იმ სიკეთის მატარებელია, რომ გამოვიყენოთ ტრიბუნა, რათა კიდევ ერთხელ მოვახდინოთ „ქართული ოცნების” მხილება, როგორც იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, ზურგი აქცია და დღეს ებღაუჭება ძალაუფლებას, როგორც საშუალებას ქართველ ხალხზე ბატონობის”,- განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “სარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს უყრიან კენჭს. კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.