ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაციები და ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით, თავად „პატრიოტთა ალიანსის“ კომენტარი, შეპასუხება და სხვა. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოებულია ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ალბათ, ყველა უნდა დაველოდოთ ამ პროცედურის დასრულებას, რადგან როგორც ვიცით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური როდესაც სწავლობს ამგვარ საკითხებს, თუკი პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგ საქმე გადაეცემა კომპეტენტურ უწყებას, იქნება ეს საგამოძიებო უწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვა. ამიტომაც, მგონია, რომ ვიდრე სახელმწიფო აუდიტი თავის შედეგს არ დადებს რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ერთი კვირის წინ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა, 31 აგვისტოს კი, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.
მანამდე, 29 აგვისტოს, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული.
24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.
31 აგვისტოს “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული “კონტრარგუმენტები”, ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.