პროკურატურამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება აუდიტის სამსახურში გადაგზავნა. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.
მათივე თქმით, სწორედ აუდიტის სამსახურია უფლებამოსილი შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის თანახმად – პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.
25 აგვისტოს “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას.
24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად “პატრიოტთა ალიანსს” აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.