ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში მზის მიკროელექტრო სადგური დამონტაჟდა

391

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში – ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის – გასულ წელს 30 კვტ სიმძლავრის, ქსელში ჩართული, მზის მიკროელექტრო სადგური დამონტაჟდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

„ივნისში მზის ამ სადგურმა 522 ლარი ღირებულების 2487 კვტ ელექტროენერგია გამოიმუშავა, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში შვიდი ათას ლარამდე ელექტროენერგიას გამოიმუშვებს და ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია.

დაზოგილ თანხას საბავშვო ბაღების სხვა საჭიროებებისთვის მივმართავთ. ფაქტობრივად, ეს ელექტროენერგიის გაყიდვას ნიშნავს“.

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მზის პანელები პროექტის – „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტი ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“.

ა/ო-ს დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე მოხარულია, რომ იმერეთში ქსელში ჩართულმა მზის ერთ-ერთმა პირველმა ელექტროსადგურმა გაამართლა.

„ამ პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ენერგოდამოუკიდებლობის, დაზოგილი ფინანსების ეფექტურად გამოყენებისა და კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად პირველი ნაბიჯი გადადგა“, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.