ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების მეპატრონეები და თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

302

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნით ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პირველი სექტემბრიდან ისინი სრულ მზადყოფნაში არიან და გათვალისწინებული აქვთ ყველა რეკომენდაცია, რაც პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს. მათი თქმით, გაუგებარია, რატომ არ აქვთ სასწავლო პროცესის განახლების უფლება.

„საჯარო ბაღებისგან განსხვავებით, სადაც ჯგუფში 40-45 ბავშვია, ჩვენ 15-16 მოზარდი გვყავს. ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, როგორც ქცევის წესების, ასევე ჰიგიენის თვალსაზრისით. იმის ნაცვლად, რომ დღეს მუშაობა დაგვეწყო, აქციაზე გვიწევს დგომა. მოვითხოვთ, ნუ გაგვაიგივებენ საჯარო ბაღებთან და ნუ შელახავენ ჩვენს შრომით უფლებებს“, – განაცხადა ერთ-ერთი ბაღის ხელმძღვანელმა, ირინა ბოჭორიშვილმა.