საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა, რაც ნიშნავს, რომ 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
წელს პირველი შემთხვევა იქნება, როცა არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება. მოსახლეობას 75-ის ნაცვლად 30 მაჟორიტარის არჩევა მოუწევს, ხოლო პროპორციული სიით დეპუტატების წარმომადგენლობა 75-დან 120-მდე იზრდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემდეგი 60 დღის განმავლობაში პარტიებს უფლება აქვთ ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარონ. ამ ხნის განმავლობაში აკრძალულია კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
ამასთან, აგიტაცია აკრძალული არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში.
ახალი რეგულაციით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე არჩევნებზე მისული მოქალაქის შეფერხება. ეს შეზღუდვა ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას არ ეხება.