კალაძე: 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული

315

ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, სამწუხაროა, რომ ავარიულ შენობა-ნაგებობებს განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, „პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი“.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც დადო რეალური პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა და მთელი 2 თვის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი. არავინ ინტერესდებოდა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა და პროგრამები გვქონდა.

რომ არა ბათუმის უმძიმესი ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს და ახლობლებს, ამ თემაზე, ალბათ, ყურადღებას საერთოდ არავინ გაამახვილებდა. ამ ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ყველა რაიონში არსებობს ასეთი შენობა-ნაგებობები. ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პროგრამის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ პროექტი, რომლითაც მოხერხდება ავარიული სახელების ჩანაცვლება. იმ საცხოვრებელი სახლებიდან, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, ჩვენ ხალხი გაყვანილი გვყავს და ქირას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი იხდის“, – აღნიშნავს კალაძე.