პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.
მისივე თქმით, ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.
ამასთან, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
„როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. გასული დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვიარე მუნიციპალიტეტები, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური. განწყობა არის საბრძოლო და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვონ. ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ, რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ჩვენი ქვეყნის ათეულობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. 2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.