მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

622

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

მდინარაძის თქმითვე, ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარიც არ ყოფილა.

„ასეთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული უხერხულობა შევქმნათ და ვთხოვოთ ვიღაცას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ჩაერიოს პოლიტიკაში – ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, სად არის ბიძინა ივანიშვილი „ბოროტებასთან ბრძოლაში“, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ბიძინა ივანიშვილმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ისეთი მყარი საფუძველი შექმნა, რომ რაც არ უნდა დამიტრიალოთ კითხვა, იგივე პასუხს გაგცემთ, რადგან ეს არის სიმართლე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ.